თავი პირველი: სიყვარული მარტის თვეში
„გაუმარჯოს მაო ძედუნს,
გაუმარჯოს ჯუ დეს,
გაუმარჯოს საქართველოს -
არწივების ბუდეს!“
ხალხური
„შენ შემოგევლოს ყველა სტიიილიააააგაააააა...“
გეპეის კვარტეტი
ლენინმა აკოცოს სტალინს! ... სტალინმა აკოცოს ლენინს!
სტალინ! ლენინ! სტალინ! ლენინ!...
„ველიამინოვის“ სახინკლეში ლენინი და სტალინი შემოვიდნენ, ბუფეტჩიკს ათ-ათი ხინკალი და ორი პივა უთხრეს და თავისუფალ მაგიდასთან დადგნენ... გორის თეატრის მსახიობები იყვნენ, დიდი ბელადების გრიმითა და იმათივე ჩაცმულობით: დილიდან გრუზავიკით თბილისის ქუჩებში დაატარებდნენ - სპონტანურ საპროტესტო მსვლელობებსა და მიტინგებზე გამოსული ხალხის სასიხარულოდ.
მთელი საქართველო ფეხზე იდგა: მრავალათასიანი მიტინგები თბილისში, ქუთაისში, ცხინვალში, სოხუმში, ბათუმში და, რაღა თქმა უნდა - გორში. სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ჭარბობდნენ, ასევე ფაბრიკა-ქარხნების მუშები და ინტელიგენციის წარმომადგენლებიც გამოვიდნენ; აქციებს მალევე შეურთდნენ მოსწავლეების მშობლებიც; განსაკუთრებით მრავლად იყვნენ ახალგაზრდა ქალები და გოგონები - ისინი აქტიურობდნენ ყველაზე მეტად, რაც უჩვეულო იყო საქართველოსნაირი პატრიარქალური ქვეყნისთვის... ბელადის ძეგლთან მოჰქონდათ გვირგვინები, იტყოდნენ ლექსებსა და სიმღერებს: „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“, „გაფრინდი, შავო მერცხალო“, და „ქართველო, ხელი ხმალს იკარო...“ ადიდებდნენ სტალინსა და საქართველოს, აგინებდნენ ხრუშჩოვსა და რუსებს: „რუსებო, თქვენი დედა...“, „დიდმა ბელადმა სტალინმა ერთი შეცდომა დაუშვა, თავმოტვლეპილი ხრუშჩოვი დაუხვრეტავი გაუშვა...“
ჰო, ამ ამბებს დასაბამი მისცა სკკპ მე-20 ყრილობაზე ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ მოსკოვში წარმოთქმულმა მოხსენებამ „პიროვნების კულტის შესახებ“, სადაც იოსებ სტალინი „კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა“ და დაგმო; განსაკუთრებით კი იმან, რაც ითქვა სტალინის ქართველობასთან დაკავშირებით: რომ სტალინი ქართველი იყო, ბერიაც, რომ სტალინ-ბერიას წყალობით ქართველები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ რეპრესიების პერიოდში და ა.შ. მდგომარეობა კიდევ უფრო გაამძაფრა ყრილობაზე ანასტას მიქოიანის გამოსვლამ, რომელიც ბევრმა აღიქვა სტალინის და, ირიბად, ქართველი ერის შეურაცხყოფად.
ამგვარმა გამოსვლებმა და ირიბმა თუ ღია მინიშნებებმა რუსეთში ანტიქართული გრძნობები გააჩინა, ხოლო საქართველოში - საბჭოთა სოციალისტური რეჟიმის პირობებში პირველად - ნაციონალიზმის დაბადებას შეუწყო ხელი! ამ ახალი ქართული ნაციონალიზმის მამა ისევ სოსო ჯუღაშვილი გახდა, ხოლო დედა - ერის გადამეტებული მიდრეკილება სილამაზისადმი... აკი მიტინგებსა და აქციებზეც ძირითადად ლექსები და სიმღერები ჟღერდა...მარტის იმ დღეების დასაწყისშიც სტალინის ძეგლთან ყვავილების გვირგვინით პირველი სწორედ მსახიობი მივიდა - ზორბა ვაჟკაცი, ოდნავ ამღვრეული გონების პატრონი, სპარტაკ ბაღაშვილი...
ამ თანშობილი ესთეტიზმის გამოა, რომ იმ ამბებს ისევ ლექსი თუ გადმოსცემს ყველაზე უკეთ - ლექსი, რომელიც იმხანად დაიწერა:
„ვხედავდი მრავალ დაუდევრად გახსნილ საყელოს,
სახეებს კაცურს და სასახელოს!
გაბმულ წვიმებს და გაზაფხულის გამოღვიძებას,
გაჭედილ ქუჩებს, გემივით რომ მძიმედ ირწევა,
აღმართულ დროშებს, ყვავილების კოცონთა ფეთქვას,
ჩვენ შევხვდით ერთად...“
და ა.შ. (ნარიმანიძე სილოვან)
„ჰაბა რერო რერია,
სკვამას გოთანენია,
ჩქიმ ლავრენტი ბერია,
ვარდი გოპირენია...“
„დიდება დიდ სტალინს!“
თუმცა, პოლიტიკური ლოზუნგები მაინც ჟღერდა, თუმცა ისევ და ისევ პოეტური ირაციონალურობით აღბეჭდილი: „გაუმარჯოს პარტიის სტალინურ კურსსა და მის გაგრძელებას!“, „საქართველო! საქართველო!“, „კრემლის ვარსკვლავის სხივები გორის ციხეზე ცვიოდა და ხალხის გულში გამთბარი, მზესავით ამოდიოდა...“, „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნეს!“
„როგორც ლენინს, გიწოდებთ
შენ პატარა კოლხიდელს,
რა იქნება, ძვირფასო,
ერთხელ გორშიც მოხვიდე!
...იქ დოქია სოველი და წიგნები ლენინის
ვოოოო...“
ლექსებსა და სიმღერებს, ასევე ომახიან გამოსვლებს, ერთვოდა მოწოდებები: „დეპეშა გავუგზავნოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას!“, „არა - დეპეშა გავუგზავნოთ ამხანაგ მაო ძედუნს! ამხანაგი მაო ძედუნი ხრუშჩოვს დაუპირისპირდა, სტალინის კრიტიკისა და რევიზიონიზმის გამო!“. იმხანად თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული იყო ჩინეთის სამხედრო მინისტრი, მარშალი ჯუ დე - ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემოქმედთაგანი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მესვეურთაგანი. რომელიღაც მიტინგზე გაისმა მოწოდება, შექმნილიყო დელეგაცია მარშალ ჯუ დესთან მოსალაპარაკებლად - მარშალი ჯუ დე, ამხანაგი მაო! პარტიის სტალინური კურსისა და საქართველოს ერთგულნი!
საქმე უკიდურეს პოლიტიკურ მოწოდებამდეც მივიდა: „უნდა მოიძებნოს კონსტიტუციური გზა, რომ საქართველო გამოეყოს საბჭოთა კავშირს!“.
სტუდენტებმა პროსპექტი გადაკეტეს და წყნეთიდან მომავალ, საქ. კომპარტიის პირველ მდივანს - ვასილი პავლოვიჩ მჟავანაძეს მანქანით გავლის საშუალება არ მისცეს: მანქანიდან გადმოიყვანეს და „დიდება დიდ სტალინს!“ აძახებინეს, მერე - „საქართველო! საქართველო!“, მერე მიტინგზე წაიყვანეს - უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, იქ სიტყვა ათქმევინეს და მხოლოდ მას მერე გაუშვეს...
„ძირს სტალინის კრიტიკოსები! საქართველო თავად მოუვლის თავის შვილს, ოღონდ რუსებმა თავი დაგვანებონ! მიქოიანის ცილისმწამებლური სიტყვები შავი ბოლივით გვადგას თავზე! ხრუშჩოვმა დაუშვა უხეში შეცდომა!“ - ისმოდა მოწოდებები მთავრობის სახლთან გამართულ მიტინგზე.
ხალხი თითქოს თავის ნებაზე იყო მიშვებული